English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ რევაზ ჯავახიშვილი ლევან ჯანგულაშვილი
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შვედური გამოცდილება

რეზიუმე

მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევასა და მოსახლეობის მრავალფეროვანი და მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების უკეთ დაკმაყოფილებაში. სტატიაში გაანალიზებულია შვედეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ორგანიზაციული, საფინანსო-საგადასახადო, რეგიონული პოლიტიკისა და საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფის ღონისძიებები, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საერთო-ეკონომიკური განვითარების ეროვნული ინოვაციური პოლიტიკის ნაწილს. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შვედეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამების ანალიზს, რომლებიც ორიენტირებულია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების მიერ (ახალგაზრდები, ქალი-მეწარმეები, უმუშევრები, იმიგრანტები და სხვ.) მცირე მეწარმეობის წამოწყებასა და აღორძინების სტიმულირებაზე.

საკვანძო სიტყვები: მცირე და საშუალო საწარმო, ბიზნესგეგმა, ბიზნესის მცირე ფორმები, ინოვაციური პოლიტიკა, ტექნოლოგიური რენტა, შეღავათიანი კრედიტი, ვენჩურული დაფინანსება.

შესავალი

მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ნებისმიერი ქვეყნის წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ბევრადაა დამოკიდებული მცირე და საშუალო ბიზნესის ფორმირებასა და აღორძინებაზე, მის სახელმწიფო მხარდაჭერასა და სტიმულირებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის მოთხოვნების უკეთ დაკმაყოფილებისთვის, მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების სრულყოფილად გამოყენებაზე.

მცირე ბიზნესი საბაზრო ეკონომიკური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტი, მეწარმეობის ყველაზე უფრო მოქნილი და დინამიური ფორმაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკური გარემოს ფორმირებასა და მონოპოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მცირე მეწარმეობის სათანადო განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაო ძალის დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებას, მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის დონის ამაღლებას. მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინება დიდად უწყობს ხელს მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების რაციონალურ გამოყენებას, სანედლეულო წყაროებისა და გასაღების ბაზრების სიახლოვის საფუძველზე საწარმოთა დანახარჯების მინიმიზაციას, მათი შემოსავლებისა და მოგების ზრდას. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა მცირე და საშუალო მეწარმეობის ფორმირებასა და აღორძინებას. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საყურადღებო ქვეყანაა შვედეთი, სადაც საწარმოთა მთლიან რაოდენობაში გადამწყვეტი ადგილი უკავია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს.

* * * * *

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა შვედეთის ეროვნული ინოვაციური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებაა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის განვითარებაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურების აქტიური ჩარევით. Eეს იმითაცაა განპირობებული, რომ ქვეყნის საწარმოთა მთლიან რაოდენობაში მცირე და საშუალო საწარმოებს უკავია 90%-ზე მეტი, რომელთა წილად მოდის ეკონომიკაში დასაქმებულთა 1/3 და მშპ-ს დაახლოებით ნახევარი [1,3]. ბოლო პერიოდში მცირე ზომის საწარმოების მიმართ ყურადღება განსაკუთრებით ძლიერდება, რაც შემდეგი ფაქტორებითაა განპირობებული:
1. ასეთი საწარმოები ასრულებენ გადამწყვეტ როლს მოსახლეობის დასაქმებაში;
2. მცირე და საშუალო საწარმოთა საქმიანობა უფრო მეტად ატარებს ინოვაციურ ხასიათს, ვინაიდან ისინი უფრო მოქნილად რეაგირებენ მოთხოვნის, ტექნოლოგიებისა და გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტის ცვლილებებზე. რამდენადაც გლობალიზაციას შედეგად მოსდევს საგარეო ბაზრებზე რეალიზებული ეროვნული პროდუქტის ხვედრიწილის გადიდება, ამიტომ შვედეთის მთავრობა ყოველმხრივ უჭერს მხარს ეკონომიკის ინოვაციური სექტორის განვითარებას, რომელიც დიდ ნაწილში წარმოდგენილია მცირე და საშუალო ბიზნესის სახით. ეკონომიკურ თეორიაში აღიარებულია ის ფაქტი, რომ ინოვაციური პროდუქტის ექსპორტით მიღებული ე.წ. ,,ტექნოლოგიური რენტა” მნიშვნელოვნად აღემატება ბუნებრივ თუ სასოფლო-სამეურნეო რენტას, რომელიც მიიღება მსოფლიო ბაზრებზე ბუნებრივი რესურსებისა და სასურსათო საქონლის რეალიზაციის შედეგად;
3. მცირე საწარმოებს უფრო მეტად შესწევთ უნარი, უკეთ დააკმაყოფილონ ცალკეული კატეგორიის მომხმარებელთა მოთხოვნები, რომელთაც ამჟამად აშკარად გამოხატული ზრდის ტენდენცია აქვთ;
4. სტრუქტურული ძვრები ეკონომიკურ სისტემაში (მაგალითად, მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების უფრო სწრაფი განვითარება), რაც იწვევს ბიზნესის მცირე ფორმების როლისა და მნიშვნელობის ზრდას;
5. შვედეთში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს საქმიანობის ტრადიციული დარგები: სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, სხვადასხვა სახის მეწარმეობა, სადაც პროდუქციის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო საწარმოებში იქმნება;
6. შვედეთში წარმატებით ხორციელდება მსხვილი საწარმოო-საყოფაცხოვრებო სისტემების შექმნა, სადაც გაერთიანებულია ათასობით სამეცნიერო, საწარმოო, საფინანსო-გამსაღებელი, საკრედიტო-საფინანსო და სხვა ერთეულები, რომელთაც გააჩნიათ უამრავი წვრილი რგოლი. ქვეყანაში იქმნება ახალი, ე.წ. ,,ქსელური ეკონომიკა”, რომელიც დაფუძნებულია ,,ქსელურ საწარმოთა” კოოპერაციაზე. ბევრი საწარმო იძენს ახალ სიცოცხლეს, რომლებიც ერთიანდებიან მსხვილ ქსელურ სისტემებში და იწყებენ მხვილი კომპანიებისა და ზოგჯერ ტნკ-ების მომსახურებას. შვედეთში დიდი გაქანება მიიღო განსაზღვრულ საწარმოო ოპერაციებზე ან ბიზნეს-მომსახურებაზე (აუტსორინგი) სუბკონტრაქტების დადებამ. ეს პროცესი ვითარდება შრომის ტექნოლოგიური დანაწილებისა და კოოპერირების საფუძველზე. ტნკ-ები და წვრილი საწარმოები აღარ კონკურირებენ ერთმანეთთან, რამდენადაც ისინი ქმნიან გარკვეულ სიმბიოზებს. ამის ნათელი მაგალითია მსხვილი მანქანათმშენებელი და სატრანსპორტო საწარმოები, რომელთაც ჰყავთ ათეულ ათასობით დეტალისა და კვანძების სუბკონტრაქტული მომწოდებელი წვრილი საწარმოები;
7. ქვეყანაში სამეცნიერო გამოკვლევების კაპიტალტევადობის სისტემატური ზრდის გამო მათ დიდ ნაწილს ახორციელებენ მსხვილი საწარმოები, რომლებიც, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების მხარდაჭერის მიზნით, დიდი ოდენობით იღებენ სახელმწიფო სახსრებს. სწორედ ამიტომ, წვრილი საწარმოები საჭიროებენ უფრო მეტ სახელმწიფო მხარდაჭერას. ამისი თეორიული დასაბუთება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გაკეთდა. შემდგომში ის თანდათანობით იქცეოდა სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად. აღნიშნული პოლიტიკის განსახორციელებლად ქვეყანაში გატარდა შემდეგი სახის ღონისძიებები:
• ორგანიზაციული. შეიქმნა წვრილი და საშულო საწარმოების მხარდამჭერი ინსტიტუტები და ფონდები: 1973 წ. შვედეთის მრეწველობის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა ბიზნესის მართვის დირექტორატი და ბიზნესის განვითარების შვედეთის სააგენტო. მათი მთავარი ამოცანაა მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა, ანტიტრესტული რეგულირება, გადასახადებისა და ადმინისტრაციული ზეწოლის შემცირება, საფინანსო ანგარიშგების გამარტივება, სამეცნიერო და საფინანსო (მ.შ. ვენჩურული დაფინანსების) რესურსების ხელმისაწვდომობის გაიოლება, რამაც ხელსაყრელი პირობები შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის;
• საკანონმდებლო. 1998 წ. მიღებულ იქნა კანონი, რომელიც კრძალავს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ორგანოების მიერ ეკონომიკის განვითარების ნებისმიერი ღონისძიების გატარებას, რომელიც არ ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს. ამასთან, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს ამ საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულებას და ამასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად ანგარიშს აბარებს შვედეთის პარლამენტს. მცირე მეწარმეობის გამოკვლევის შვედური ფონდი ყოველწლიურად ორგანიზებას უკეთებს ,,მცირე ბიზნესის” დღის ჩატარებას, სადაც განიხილება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების აქტუალური პრობლემები, რომლის შედეგი და რეკომენდაციები გაითვალისწინება აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების დროს.
• საფინანსო და საგადასახადო. ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო ფონდი ,,ალმი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გასცემს შეღავათიან კრედიტებსა და სუბსიდიებს (გრანტებს). პარალელურად მცირე საწარმოებს უფლება ეძლევათ, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება აწარმოონ გამარტივებული ფორმით. მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა ხდება ვენჩურული დაფინანსებითაც. ყველა გადასახადი, რომელიც შვედურმა საწარმომ უნდა გადაიხადოს (დღგ, სამუშაო ძალის დაქირავების გადასახადი, მოგების გადასახადი) მოცემულია ერთი გადასახადის სახით.
• ინფორმაციული მხარდაჭერის. ბიზნესის დაწყებისა და ორგანიზაციისათვის საჭირო კონსულტაციები; აუცილებელი ინფორმაცია (მ.შ. სიახლეთმცოდნეობაში) მიეწოდება სააგენტო ,,ანულეკის” მეშვეობით. სამრეწველო დიზაინის შვედური ფონდი (შVID) უწევს პრაქტიკულ დახმარებას და ავრცელებს ცნობებს სამრეწველო დიზაინის შესახებ, აგრეთვე, ამუშავებს საინფორმაციო პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალ საწარმოთა ორგანიზაციასა და კოოპერაციას. საინფორმაციო რესურსი ,,სმელინკი”, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოსა და ვალენბერგის ფონდის მიერ ერთობლივად, იძლევა ინფორმაციას მცირე ფორმატის ახალი ბიზნესის შექმნის შესაძლებლობის შესახებ. ,,სტარტინგ ლაინი” ფლობს რეგისტრაციის პროცედურის, საგადასახადო დაბეგვრის, ლიცენზიების, ფორმალური მოთხოვნებისა და ა.შ. შესახებ ინფორმაციას. ფონდი ,,ალმი”, კონსულტაციებთან ერთად, წვრილ მეწარმეებს აღმოუჩენს დახმარებას ფინანსირებისა და სწავლების სფეროში. ამ ფონდის საინფორმაციო ბლოკი მცირე და საშუალო მეწარმეებს აწვდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათ ეხმარებათ მსოფლიო ბაზარზე გასვლაში.
• რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ხორციელდება რეგიონული პოლიტიკისა და განათლების სფეროში პოლიტიკის გატარების პროცესში. რეგიონულ დონეზე, უნივერსიტეტებსა და სამრეწველო საწარმოებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეიქმნა ფონდი ,,ტექნიკური ხიდი”, მაღალი კომპეტენციის ცენტრები, აგრეთვე, ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის 11 რეგიონული ცენტრი [2,5].
• კოოპერაციის მხარდაჭერის. განსხვავებული ზომის მცირე საწარმოები, აგრეთვე, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებსა (მეცნიერება, განათლება, წარმოება) და ინოვაციურ საქმიანობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო კოოპერაციის ხელშეწყობა ხორციელდება შვედეთის ინოვაციური ცენტრისა და შვედეთის ინოვაციური სისტემების სააგენტოს მეშვეობით. აღნიშნული სააგენტოები დიდ დახმარებას უწევენ ინოვაციურ საწარმოებს მათი განვითარების საწყის სტადიაზე და ეხმარებიან მათ ინოვაციური კლიმატისა და სამეცნიერო-ტექნიკური კოოპერაციის საქმეში.
• მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოთა ხელშეწყობის. შვედეთის შრომის ბაზრის ეროვნული ადმინისტრაცია ქმნის საწყის კაპიტალს უმუშევართათვის, თუ ისინი წარმოადგენენ კონკურენტუნარიან ბიზნესგეგმას. ფონდი ,,ალმის” განყოფილებები მცირე მეწარმეებს სთავაზობენ კრედიტს შემდეგ შემთხვევაში: ფირმას, რომელსაც აქვს შემდგომი განვითარების პოტენციალი; ახლად შექმნილ ფირმებს (კრედიტის მინიმალური ზომა-50 ათ. კრონი, მაგრამ არაუმეტეს აუცილებელი კაპიტალის 30%-ისა); მეწარმეებს 50ათ. კრონიდან 100 კრონამდე, მაგრამ აუცილებელი კაპიტალის არაუმეტეს 50%-ისა; ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს 25-დან ჴ 50 ათას კრონამდე, არაუმეტეს აუცილებელი კაპიტალის 50%-ისა [2,6].
შვედეთის ინოვაციური ცენტრი სთავაზობს კრედიტს 400 ათ. კრონის ოდენობით ახალგაზრდა საწარმოებს (3წლამდე) იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ეკუთვნის ერთ პირს. ცენტრს შეუძლია გასცეს სუბსიდია ტექნიკურ ან კომერციულ გამოკვლევებზე. იგი ახორციელებს, აგრეთვე, ახალგაზრდა გამომგონებლებისა და ქალი-გამომგონებლების მხარდაჭერას და აფინანსებს ინოვაციური ცენტრების შექმნას მთელ მსოფლიოში.
• ვენჩურული დაფინანსების. საწარმოები, რომლებიც საქმიანობენ ტექნოლოგიურად ინტენსიურ პირობებში, საჭიროებენ მაღალრისკიან დაფინანსებას. ვენჩურულ დაფინანსებას ახორციელებს ბიზნესის განვითარების შვედეთის სააგენტო, მაგრამ კაპიტალის არაუმეტეს 50%-ისა, რომელიც აუცილებელია ასეთი საწარმოს საქმიანობის საწყის ეტაპზე. სააგენტო სთავაზობს, აგრეთვე, საკონსულტაციო მომსახურებას. კრედიტი გაიცემა 800 ათ. კრონის ფარგლებში, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 3 მლნ კრონამდე. პროცენტი შეესაბამება ჩვეულებრივ საბანკო პროცენტს. კრედიტი ბრუნდება მას შემდეგ, როცა საწარმო მიაღწევს კომერციულ წარმატებას. საწარმოს გაკოტრების შემთხვევაში კი კრედიტი ჩამოიწერება. ვენჩურული დაფინანსების შვედური ბაზარი არის ყველაზე მაღალგანვითარებული ჩრდილოეთ ევროპაში. სამრეწველო დაფინანსების შვედური ფონდი არის ვენჩურული განვითარების 6 ერთეული რეგიონული კომპანიის თანამფლობელი.
შვედეთში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ხორციელდება საერთო სამრეწველო რეგიონული და ინოვაციური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ასეთ საწარმოებზეა ფოკუსირებული. ორგანიზაციულად ამის პასუხისმგებლობა აკისრია მრეწველობის, დასაქმებისა და კომუნიკაციების სამინისტროს, აგრეთვე, მეწარმეობის განვითარების შვედეთის სააგენტოს, ინოვაციური სისტემების შვედეთის სააგენტოსა და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის შემსწავლელ შვედეთის ინსტიტუტს.
ყველაზე მცირე საწარმოსათვის, ისე, როგორც ახალი კომპანიისათვის, ქვეყანაში დაწესებულია რეგისტრაციის შედარებით მარტივი პროცედურა. ამისთვის ნებართვა გაიცემა ერთი თვის განმავლობაში, ყველა ფორმალობის შესასრულებლად საჭირო დანახარჯები განისაზღვრება მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს 1%-ის ფარგლებში, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიებისთვის კი _ საკმაოდ მაღალ დონეზე (100 ათ. კრონი). რეგისტრაციის ყველა პროცედურა ხორციელდება ერთი სარკმლის მეშვეობით, სადაც საწარმო დგება საგადასახადო აღრიცხვაზე და გადის სახელმწიფო რეგისტრაციას.
შვედეთში წარმატებით ხორციელდება პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია მიზნობრივი ჯგუფებისათვის მეწარმეობის მხარდაჭერაზე: ახალგაზრდობაზე, ქალ-მეწარმეებზე, უმუშევრებზე, იმიგრანტებზე და სხვ. 6-დან 11-წლამდე მოსწავლეების პროგრამა ითვალისწინებს შემოქმედებითი აზროვნების, ინიციატივის, ინოვაციური უნარების, საკუთარ თავში დარწმუნების, აგრეთვე, სასიცოცხლოდ აუცილებელი მწვავე პრობლემების შესახებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავების მხარდაჭერას. პროგრამების რეალიზაციის პროცესში, მოსწავლეებთან ერთად, ხდება მშობლებისა და მეწარმეების ჩართვა სასკოლო მეცადინეობის განრიგში. ამ პროგრამების შესრულებაზე, ჩვეულებრივ, გამოიყოფა კვირაში ერთი დღე.
გარდა ამისა, უნივერსიტეტებში არსებობს სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის სხადასხვა პროგრამები 10-დან 20 წლამდე ახალგაზრდებისათვის. ქვეყანაში მოქმედებს პროგრამა ,,ახალგაზრდული მიღწევები,” რომლითაც ახალგაზრდებს წელიწადში ერთხელ ეძლევათ დახმარება, რათა მათ შეძლონ თავიანთი ახალი საქმიანობის დაწყება. Pპროგრამის მიზანია სწავლება და ახალგაზრდობის (მათ შორის ქალების), სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების მხარდაჭერის მიზნით, სემინარების ორგანიზება, სადაც ხდება სწავლება და გამოცდილების გაზიარება. ამავე მიზნით 2000 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა ,,ბიზნესის დაწყება”.
შვედეთის ბევრ უნივერსიტეტში არსებობს ,,ბიზნესის სათბურები”, რომლებშიც ბიზნესის წარმოებისათვის შექმნილია შეღავათიანი პირობები, სადაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობენ სტუდენტები. მათი დაფინანსება უმეტესად ხდება ადგილობრივი რესურსებით. ბევრ უნივერსიტეტში გახსნილია სამეწარმეო საქმიანობის სპეციალური კურსები, ხოლო იონკეპინგის უნივერსიტეტში მოქმედებს საკონსულტაციო პროგრამა იმათთვის, ვისაც სურს მცირე და საშუალო საწარმოთა ორგანიზება. უმეოს უნივერსიტეტში კი სტუდენტებისათვის შექმნილია მეწარმეობის ინოვაციური ცენტრი.
შვედეთში მოქმედებს ქალების, უმუშევრებისა და იმიგრანტებისათვის სამეწარმეო აქტიურობის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები. ყოველწლიურად ქვეყანაში იქმნება 34-37 ათასამდე ასეთი საწარმო, რომელთა 30% მიდის ქალებზე, 20% _ იმიგრანტებზე, 20% _ 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე, 20%-უმუშევრებზე. საწარმოების დიდი ნაწილი წარმატებით მოქმედებს ბაზარზე და მათი მხოლოდ 4% კოტრდება [2,7]. ფონდი ,,ალმი” სპეციალური საკრედიტო სქემით ეხმარება ქალებს მეწარმეობის განვითარებაში, კრედიტს თან ახლავს კონსულტირება და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა.
შვედეთის ხელმძღვანელობა კარგად აცნობიერებს, რომ ბიზნესის წამოწყების მიზნით უმუშევრებზე გაცემული სუბსიდიები, იმავდროულად არის უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი საშუალება. მისი გაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა წარმატების მომტანი ბიზნესგეგმის დამუშავება. ქვეყანაში ახლად შექმნილი საწარმოების 1/4 მოდის ყოფილ უმუშევრებზე. სუბსიდიის ზომა დაკავშირებულია თანხის სიდიდესთან, რომელიც შეიძლებოდა მისცემოდა უმუშევარს დაზღვევის სახით 6-დან 12 თვის განმავლობაში. ეს თანხა საკმარისია ერთი დასაქმებულით საწარმოს შექმნისათვის.
შვედეთის მთავრობა ეხმარება იმიგრანტებს (მკვიდრი მოსახლეობის 10%) უმუშევრობის დონის (რომელიც 4-ჯერ უფრო მაღალია მკვიდრი მოსახლეობის უმუშევრობასთან შედარებით) შემცირებაში. ამასთან, იმიგრანტების მიერ ბიზნესი ხორციელდება უმეტესად შრომატევად დარგებში (ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნული მომსახურება). იმიგრანტთა მეწარმეობის მხარდაჭერა ხდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორთან ერთად. მათი მიზანია მეწარმეობის ხელსაყრელი კლიმატის შექმნა, რაც მიიღწევა ეფექტიანი შრომის ბაზრის ორგანიზების, გადასახადების შემცირების, ბიუროკრატიზმთან ბრძოლისა და ვენჩურული დაფინანსების საფუძველზე. ქვეყანაში, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკის თანმიმდევრული გატარებით, ყოველწლიურად იქმნება ათეულ ათასობის ასეთი საწარმო, რომელთა დიდი ნაწილი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და შემდგომში წარმატებით განაგძობს თავის არსებობას.

დასკვნა

როგორც ვხედავთ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის შვედური გამოცდილება ძალზე უნიკალურია, მაგრამ მისი პირდაპირი, მექანიკური, ყოველგვარი კორექტირების გარეშე სხვა ქვეყანაში გამოყენება მიუღებელი და შეუძლებელიცაა. სხვა ეკონომიკურ სივრცეში მისი გამოყენებისას, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესის, როგორც ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერის ნება, რაც უნდა აისახოს მის გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკასა და სტრატეგიაში. გარდა ამისა, მოცემულ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს ორგანიზაციული, ინფორმაციული, საფინანსო-საგადასახადო, სამართლებრივი და სხვა ღონისძიებები, რომელთა გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მცირე და საშუალო საწარმოთა შექმნა და აღორძინება. ამ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მცირე და საშუალო საწარმოთა შექმნისა და წარმატებული განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის ფორმირებასა და სრულყოფას, რომელიც სამართლებრივად დაიცავს მცირე და საშუალო ბიზნესში მონაწილე ცალკეული სუბიექტების ინტერესებსა და, იმავდროულად, განსაზღვრავს მათ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას ეკონომიკურ ურითიერთობათა ჯაჭვში მონაწილე სხვა სუბიექტების მიმართ.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გელეტაშვილი მ., შვედეთის ეკონომიკა. www. Sociom. ge/index.
  2. Иновационная политика, Швеции, http: //zefold. zu/look/270717
  3. Экономика Щвеции: История успеха, https://sweden.zu//lioli/ ekonomika-shvecii-istoriya-usneha
  4.  Удальцова Н. и др., Национальная инновационная система Швеции: стратегия развития и факторы успеха, журн. ,,Вопросы экономики и права“, N2, 2015